ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

შავი იუმორი

   

   1.პლაცენტის სრული წინმდებარეობა

   ქალბატონი A-ს პირველი ორსულობა პრაქტიკულად ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. უბნის კონსულტაციაში იდგა აღრიცხვაზე და ექოსკოპიაზე და ანალიზებზე ქალაქის ცენტრში ერთ–ერთ პრესტიჟულ კლინიკაში დადიოდა, სადაც საკმაოდ ცნობილი და კვალიფიციური ექოსკოპისტები უტარებდნენ გამოკვლევებს.

    მშობიარობაც ასევე სახლიდან მოშორებით არსებულ, მაგრამ კომფორტულ და კარგი სახელის მყოფ სამშობიაროში ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდა. 38–ე კვირის ბოლოს ქალბატონმა A-მ საცვალზე შეამჩნია ორიოდე წვეთი სისხლი, ძალიან შეეშინდა და მეუღლეს მოსთხოვა დაუყოვნებლივ წაეყვანა სამშობიაროში.

გზაში შეშფოთებულმა ქმარმა გადაწყვიტა უახლოეს სამშობიაროში მისულიყო და არა იქ, სადაც მშობიარობა ჰქონდათ გადაწყვეტილი.

ქალბატონის გასინჯვის შემდეგ მორიგე მეანი ქმართან მივიდა. საუბარი დაახლოებით ასე წარიმართა:

მეანი:  – აქ პლაცენტის სრული წინმდებარეობაა,  სასწრაფოდ საკეისრო უნდა გავაკეთოთ..

ქმარი: – რას ამბობთ, ჩვენ ბუნებრივ მშობიარობას ვგეგმავდით.

მეანი:–კი მაგრამ ექოზე არ გყოლიათ მეუღლე? არავის გაუფრთხილებიხართ პლაცენტის წინმდებარეობაზე?

ქმარი: – როგორ არა, ერთხელ S-თან მყავდა, ორჯერ კი B–სთან. მსგავსი არაფერი უთქვამთ.

მეანი: –თქვენც გყოლიათ რა, რადგან სახელი აქვთ და რიგი უდგათ საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ პაციენტი, ზედაც არ უყურებენ.

ქმარი:–იცით რა მე მინდა მეუღლე იქ წავიყვანო სადაც მშობიარობას ვგეგმავდით.

მეანი:– მაშინ ხელი მომიწერეთ დოკუმენტზე, რომ ამ დიაგნოზის გაგების შემდეგაც არ რჩებით ჩვენთან. ღმერთმა ნუ ქნას და გზაში რომ სისხლდენა ატყდეს და ორივე დაიღუპოს, მე არ მინდა პასუხი ვაგო.

ამ არგუმენტის შემდეგ ცოლ–ქმარი მოკლე მოლაპარაკების შემდეგ გადაუდებელ საკეისროზე დათანხმდა. საბედნიეროდ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და დედა გადარჩა.

ოჯახი ექოსკოპისტებთან საჩხუბრად მისვლას მოერიდა, მაგრამ თავიანთი უბნის გინეკოლოგი მოინახულეს და ორიოდ ტკბილი სიტყვა უთხრეს მის მიერ რეკომენდირებულ ექოსკოპისტებზე. აღშფოთებული ექიმი ექოსკოპისტებს მიეჭრა.

ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ექოსკოპისტმა B-მ მონახა ქალბატონი A-ს გამოკვლევის შედეგები რომელთაგან ერთ–ერთი ფოტოებიანად იყო კომპიუტერში ჩაწერილი. ფოტოზე კი ცხადად ჩანდა რომ პლაცენტა საშვილოსნოს ფუძეშია და სრულ კი არა, ნაწილობრივ წინმდებარეობაზეც არ შეიძლებოდა საუბარი...   

პაციენტი კი დღესაც კმაყოფილია მორიგე მეანის და მეორეც მასთან გააჩინა ისევ საკეისროთი.

   2. გარე ორსულობა.

გარე ორსულობა ძალზე უსიამოვნო პათოლოგიაა და სიცოცხლისათვის საშიში, მაგრამ ყოველთვის არ არის საოპერაციო. საოპერაციო არის როდესაც გარე ორსულობა პროგრესირებს, ან სანაყოფე პარკი გამსკდარია და მცირე მენჯში ფარული სისხლდენაა. შეწყვეტილი გარე ორსულობის აღმოჩენის შემთხვევაში, საკმარისია მისი მონიტორინგი, ვიდრე ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაცია 5 mIU/ml-ზე ნაკლები არ გახდება. რომლის შემდეგაც სანაყოფე პარკი, ემბრიონი და სხვა ქსოვილები პრაქტიკულად მუმიფიცირებულია და პაციენტი საოპერაციო აღარ არის, როგორც მაგალითად შემდეგ შემთხვევაში:

აი ექოსკოპისტ S-ის მიერ შესრულებული ქალბატონი T–ს გამოკვლევის პასუხი:

გაფართოებული მილი სავალდებულოდ არ ნიშნავს გარე ორსულობას, ამისათვის ქორიონული გონადოტროპინის (ქ.გ.) ანალიზია საჭირო. რადგან ექოსკოპისტ S-თან არ იყო შესაბამისი ანალიზის გაკეთების საშუალება, მან გააკეთა ორსულობის ტესტი შარდში. სამიდან ორმა ტესტმა სუსტად დადებითი პასუხი უჩვენა, ხოლო მესამემ უარყოფითი. ექოსკოპისტმა შესთავაზა პაციენტს გაეკეთებინა ქორიონული გონადოტროპინის ანალიზი და მასთან მისულიყო ორი დღის შემდეგ, მაგრამ დაზღვევის მიზნით მაინც გააგზავნა საკონსულტაციოდ ქირურგ V-სთან, რადგან მის ხელთ არსებული ინფორმაცია არ იძლეოდა იმის ცალსახა კონსტატაცი საშუალებას, ორსულობა პროგრესირებს თუ არა. ის კი არა ცალსახად იმის მტკიცებაც არ შეიძლება გარე ორსულობაა თუ არა.

    პრაქტიკიდან ცნობილია, რომ სანაყოფე პარკის ვიზუალიზაცია ტრანსვაგინური ექოსკოპიისას ხერხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქ.გ.–ს კონცენტრაცია  1000–დან 2000–მდე mIU/ml–ია, გარანტირებულად კი 2000–ის ზევით ჩანს. ჩვენი პრაქტიკიდან ერთხელ მოვახერხეთ სანაყოფე პარკის დანახვა 830 mIU/ml–ი ქ.გ. კონცენტრაციისას, მაგრამ ეს გამონაკლისია და არა კანონზომიერება.

     ორსულობის ტესტი შარდში 25 mIU/ml აღმოაჩენს, და რადგან ორი ტესტი სუსტად დადებითი იყო და ერთი უარყოფითი, ცხადია რომ შარდში ქ.გ. კონცენტრაცია მგრძნობელობის ზღვართან ახლოსაა, ანუ 20–30 mIU/ml–ია და შესაბამისად სისხლში 200–250 mIU/ml. უფრო მეტ მნიშვნელობებზე ტესტი კარგად გაფერადებულ მეორე ხაზს გვიჩვენებს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია(თუმცა საკმაოდ ზუსტი) და აუცილებელია სისხლში კონცენტრაციის  განსაზღვრა შესაბამისი ანალიზით.

ამავე დროს ძნელი არ არის დადგინდეს ორსულობის ვადაც: რადგან მილი 13 მილიმეტრამდეა გაბერილი, ეს გესტაციის 5,5 კვირას შეესაბამება (ათვლა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან), რაც განაყოფიერებიდან 3,5 კვირის ტოლფასია, ანუ ორსულობა განაყოფიერებიდან დაახლ. 3,5 კვირის განმავლობაში პროგრესირებდა.

ამავე დროს ცნობილია, რომ ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაცი 6 კვირის ვადაზე 1080 – 56500 mIU/ml–ია; ცხადია რომ სისხლში ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაცია ბევრად ნაკლებია პროგრესირებადი ორსულობის შესაბამის მნიშვნელობაზე, რაც მის შეწყვეტაზე მიუთითებს. ის ფაქტი რომ დუგლასის ფოსო თავისუფალია  და მუცლის ღრუში სისხლი არ არის,  ნიშნავს რომ სანაყოფე პარკი გამსკდარი არაა და პაციენტი სასწრაფოდ საოპერაციო არ არის. ასეთ შემთხვევაში ნაჩვენებია ქორიონული გონადოტროპინის მონიტორინგი და ექოსკოპიური მონიტორინგი სანაყოფე პარკის სიმთელის შესამოწმებლად. ის ფაქტი, რომ ქ.გ.–ს დონე ასე შემცირდა თავისითაც, მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით ყოველგვარი ჩარევის გარეშე მოხდება ქ.გ.–ს ნულამდე შემცირება, თუმცა მონიტორინგი აუცილებელია. უკვე არაერთ პაციენტს ამგვარი ხერხით ავაცილეთ ოპერაცია.

ქალბატონი T იმ დღესვე მივიდა ქირურგ V-სთან, რომელმაც გარკვეულ გარემოებათა გამო მისი მიღება ვერ შეძლო და გააგზავნა სხვა ქირურგთან R-თან. ექოსკოპიური გამოკვლევიდან ცხადი იყო რომ პაციენტი გადაუდებელ ოპერაციას არ საჭიროებდა და ამიტომ ქირურგმა V უოპერაციოდ გაუშვა, ხოლო ქირურგმა R-მა ოპერაცია მეორე დღეს გააკეთა (რაც უკვე გადაუდებელი კი არა, გეგმიური ოპერაციაა), თუმცა წინასწარ ქორიონული გონადოტროპინის ანალიზი არ გაუკეთებია და არავითარი ჩვენება ოპერაციისა არ არსებობდა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ხნის შეწყვეტილია ორსულობა, ერთი დღის სიზუსტით ამის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ნორმაში ქ.გ. დონის გაბნევა ძალიან დიდია და ასევე ინდივიდუალურია მისი შემცირებაც, მაგრამ თუ საშუალო მნიშვნელობებიდან გამოვალთ – ქ.გ. საწყისი კონცენტრაცია 4000  mIU/ml და კიდევ ის, რომ ქ.გ კონცენტრაცია შეწყვეტის შემდეგ ყოველ 2 დღეში 2–ჯერ მცირდება, დაახლოებით 6-7 დღეა იმისათვის საჭირო, რომ კონცენტრაცია ტესტის მგრძნობელობის ზღვრამდე შემცირდეს. ე.ი. განაყოფიერება მოხდა ექოსკოპიური გამოკვლევამდე დაახლოებით 4–6 კვირით ადრე. აგრეთვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში პაციენტს რეგულარული მენსტრუაცია ჰქონდა და არ აღნიშნავდა აციკლურ სისხლდენებს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ქირურგმა R-მა ოპერაციის შემდეგ განაცხადა, რომ ორსულობა 3–4 თვის ვადის იყო და აუცილებლად უნდა შეემჩნიათ იმ სამედიცინო დაწესებულებაშიც, სადაც პაციენტი 2 თვის წინ მკურნალობდა, რაც აშკარა სიცრუეა და რისი მიზეზიც ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ, მაგრამ მნიშვნელობაც არ აქვს, ვარიანტი სამია:

1. ადგილი ჰქონდა თავისი კლინიკის რეკლამირებას "სხვისი გალანძღვის მეთოდით"

2. ქირურგმა R-მა არ იცის ქ.გ.–ის დინამიკა პროგრესირებადი და შეწყვეტილი ორსულობისას (ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება)

3. ქირურგმა R-მა შეასრულა პაციენტის თხოვნა არ დაესახელებინა ორსულობის რეალური ვადა.

უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ვარიანტი სრულიად გასაგები და კანონიერია. ჩვენც არაერთხელ დაგვიმალავს ორსულობის ვადა და ორსულობის ფაქტიც პაციენტის ახლობლებისათვის, რა თქმა უნდა პაციენტისვე მოთხოვნით.

პოსტოპერაციული ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ არც აქვს მნიშვნელობა, რადგან ჰისტოლოგიურად შეუძლებელია დადგინდეს როდის დაიწყო და როდის შეწყდა ორსულობა..

აქედან მორალი: არაკეთილსინდისიერი ან არაკვალიფიციური ქირურგის ქმედება ბევრად უფრო ძვირი უჯდება პაციენტს ვიდრე სხვა ექიმის, ჯერ ფიზიკურად (ოპერაცია), მერე მატერიალურად (ოპერაცია ფული ღირს), სიტუაციის განმეორების პერსპექტივით (რადგან კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ექიმებს ჩამოაშორა).  ამიტომ ვიდრე საოპერაციოდ გაემზადებით, რამდენიმე სხვადასხვა ექიმს ჰკითხეთ, პირველ რიგში არაქირურგებს, ნამდვილად ხართ თუ არა საოპერაციო.

  

    © Medea.Ge All Rights Reserved