ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

ინსემინაცია მონიტორინგითა და გარანტიით

 

      საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია არის ხელოვნური განაყოფიერების ყველაზე უფრო მარტივი და პრაქტიკულად არაინვაზიური მეთოდი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე შედარებით ნაკლებადეფექტური იყო. მისი შედეგიანობა (ცოცხლადმშობიარობის სიხშირე) 10-11%-ის ფარგლებში მერყეობდა.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შემუშავებულმა ახალმა მეთოდიკებმა: 1. ენდომეტრიუმის სქრეჩინგი

2.      მალუთეინიზირებელი ჰორმონის ნაადრევი პიკის პროფილაქტიკა

3.      D ვიტამინის კონტროლი  

4.      სპერმის გაყინვა და დაგროვება - IUI CPAS(Intra Uterine Insemination with CryoPreserved and Accumulated Sperm)

ინსემინაციის შედეგიანობა მკვეთრად გაზარდეს. რა თქმა უნდა ინ-ვიტროს საჭიროება არსებობს მესამე ხარისხის ოლიგოსპერმიის და გაუმტარი მილების შემთხვევაში, მაგრამ ძალიან ბევრ პაციენტს, რომელსაც აქამდე ინ ვიტრო ესაჭიროებოდა, გაუჩნდა შანსი ეყოლოს შვილი გაცილებით უფრო იაფი და ნაკლებადინვაზიური მეთოდების გამოყენებით, ხოლო ჩვენ გაგვიჩნდა შანსი, გარკვეული გარანტიები მივცეთ პაციენტებს.

       მაშ ასე, რა არის საჭირო რომ ჩატარდეს ინსემინაცია გარანტიით და რას ითვალისწინებს ეს გარანტიები. რა თქმა უნდა 100%-იანი მედიცინაში არაფერი არ არსებობს, გრიპის მკურნალობაც კი. შესაბამისად გარანტიით ინსემინაცია ნიშნავს, რომ ჩვენ ჩავატარებთ სამჯერად მცდელობას მაინც და თუ ორსულობა არ დადგა, გადახდილი თანხის 75% უკან დაგიბრუნდებათ, ანუ თქვენი ხარჯი აღმოჩნდება მინიმალური, ხოლო ჩვენი დაწესებულების მოგება იქნება 0.

       გარანტირებული ინსემინაციის პროცედურამდე უნდა ჩატარდეს სტანდარტული გამოკვლევები, რომელიც საჭიროა უნაყოფობის მიზეზის დასადგენად. ეს გამოკვლევები ყველანაირი მკურნალობის წინ გასაკეთებელია. მათი ღირებულება ინსემინაციის ღირებულებაში არ შედის და პაციენტს არ უბრუნდება. შეიძლება ისეც მოხდეს რომ ამ გამოკვლევების შემდეგ ინსემინაციაზე უარი გითხრათ - როგორც გარანტირებულზე, ისე ჩვეულებრივ ციკლზე.

     თუ ეს გამოკვლევები უკვე ჩატარებული გაქვთ, შეგიძლიათ შედეგები მოგვიტანოთ. ამით შეიძლება წინასწარი ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდეს.

     თუ სხვაგან აპირებთ გამოკვლევების ჩატარებას, წინასწარ შეგვითანხმეთ სად გაიკეთებთ. არ გვგონია ვინმემ ჩვენზე იაფი ფასი შემოგთავაზოთ, მაგრამ თუ თქვენი სურვილია ანალიზების სხვაგან გაკეთება, პრობლემა არ არის, მაგრამ ყველა კლინიკის პასუხს ჩვენ არ მივიღებთ და იმ პასუხებზე მკურნალობას ვერ დავაფუძნებთ.

რა შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ უარი გარანტირებულ ინსემინაციაზე:

1.      ქალის ასაკი 38 წელზე მეტი ან ანტი-მიულერის ჰორმონის მნიშვნელობა 0,75 ნგ/მლ-ზე ნაკლები

2.      D ვიტამინის დეფიციტი (კონცენტრაცია <50 ნმოლ/ლ)

3.      მილები არ არის გამტარი

4.      მამაკაცის სპერმა მე-3 ხარისხის ოლიგოსპერმიის დონის ან უარესი ხარისხისაა.

5.      სერიოზული ჰორმონული დისბალანსი

ზემოჩამოთვლილთაგან ზოგი პუნქტი მკურნალობას ექვემდებარება;

რა ხდება გარანტირებული ინსემინაციის დროს და რა შედის ღირებულებაში:  

1.      სამი ციკლის განმავლობაში ტარდება ინსემინაციის პროცედურა, საჭიროების შემთხვევაში ორჯერადიც. ანუ ინსემინაცია შეიძლება 6-ჯერ ჩატარდეს.

2.      ტარდება ფოლიკულის ექოსკოპიური მონიტორინგი

3.      ენდომეტრიუმის სქრეჩინგი

4.      ტარდება მალუთეინიზებელი ჰორმონის სამჯერადი ანალიზი ყოველ ციკლში ნაადრევი პიკის გამოსავლენად. თუ ნაადრევი პიკი დადგა იმ ციკლში ინსემინაცია არ ტარდება და გადაიდება შემდეგ ციკლამდე.

5.       თუ ნაადრევი პიკი 3-ჯერ ზედიზედ დადგა, მაშინ პროცედურა წყდება და პაციენტის გადასახდელი იქნება მინიმალური ფასი გაწეული მომსახურების შესაბამისად - მაგ თუ არცერთი ინსემინაცია არ ჩატარებულა და 3 ციკლის განმაავლობაში ნაადრევი პიკი გამოვლინდა, პაციენტის გადასახდელი იქნება მხოლოდ LH ჰორმონის მონიტორინგის (ცხრაჯერადი ანალიზი)  ფოლიკულის ექომონიტორინგის ღირებულება 3 ციკლის განმავლობაში (სულ 12-15 პროცედურა) და სქრეჩინგის (3-ჯერადი) რაც 150 ლარს შეადგენს

6.      სპერმის გაყინვის და დაგროვების ღირებულება (თუ საჭირო გახდა)

ანუ გამოყენებული იქნება ყველა ის დამხმარე ტექნოლოგია, რომელიც გამოჩნდა ბოლო 2-3 წელიწადში და რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ინსემინაციის წარმატებაზე.

რა არ შედის გარანტირებული ინსემინაციის ღირებულბაში

1.      წინასწარი კვლევები  

2.      წამლები (შენიშვნა: ძლიერი სტიმულაციის ძვირადღირებულ პრეპარატებს არ ვიყენებთ).

რა ითვლება შედეგად:

 შედეგად ითვლება კლინიკური ორსულობის დადგომა, ანუ ექოზე სანაყოფე პარკი და გულისცემა უნდა გამოჩნდეს. ორსულობის შემდგომ მიმდინარეობაზე გარანტიებს ვერ ვიძლევით.

 

გარანტირებულ ინსემინაციამდე ჩასატარებელი გამოკვლევები და ფასები:

1.      გინეკოლოგის კონსულტაცია (შედის სამანიპულაციოში გასინჯვა ერთჯერადი ინსტრუმენტებით და ნაცხის ანალიზი) – 45 ლარი

2.      გინეკოლოგიური, ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია -105 ლარი

3.      ფოლიკულის მონიტორინგი - 15 ლარი ერთი პროცედურა, ჩვეულებრივ საჭიროა 3-5 პროცედურა, 75 ლ

4.      ჰორმონული სტატუსი (11 ჰორმონის გამოკვლევა) +ანტი-მიულერის ჰორმონი  (FSH, LH, Prolactine, TSH, Free-T4, Free-T3, DHEA-S, 17-OH-Progesterone, Estradiole, Free Testosterone, Insuline, AMH) - 259 ლარი

5.      D ვიტამინის ანალიზი -38 ლარი

6.      მილების გამტარობა - 95 ლარი

7.      სპერმის ანალიზი - 40 ლარი

 აქედან პირველი სამი აუცილებლად უნდა ჩატარდეს ჩვენს კლინიკაში. დანარჩენები თუ გაკეთებული გაქვთ შეიძლება გავითვალისწინოთ, გააჩნია სად არის გაკეთებული და რამდენი დროა გასული ანალიზის გაკეთების შემდეგ. თუ გაკეთებული არ გაქვთ სხვაგან ძებნას ნუ დაიწყებთ,  უკეთეს ფასებს ვერავინ შემოგთავაზებთ.

გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ ამ გამოკვლევების შემდეგ შეიძლება ინსემინაციაზე საერთოდ უარი გითხრათ, ან ინსემინაციამდე გარკვეული მკურნალობის კურსი იქნეს დანიშნული და გამოკვლევები მკურნალობის შედეგის დასადგენად. ანუ შესაძლებელია ინსემინაციის პროცედურები არ იქნეს დაწყებული წინასწარი გამოკვლევების დასრულებისთანავე.

ეს სტანდარტული გამოკვლევებია უნაყოფობის მიზეზის დასადგენად, მათი ღირებულების დაბრუნება(ან ნაწილობრივ დაბრუნება) ორსულობის არდადგომის არ ხდება.

 

გარანტირებული ინსემინაციის ღირებულება:

1.       ქალის ასაკი <35 წელი და ანტი-მიულერის ჰორმონი >1.2  - წარმატების შემთხვევაში 2000 ლარი, წარუმატებლობის შემთხვევაში  500 ლარი

2.      ქალის ასაკი 36-38 წელი და ანტი-მიულერის ჰორმონი >0.75 – 2500 ლარი, წარუმატებლობის შემთხვევაში 650 ლარი

3.      მამაკაცის ფაქტორი, სპერმის კრიოკონსერვაციის და დაგროვების საჭიროება დამატებით +1500 ლარი წარმატების შემთხვევაში, +400 წარუმატებლობის შემთხვევაში

38 წელს ზემოთ ან ანტი-მიულერი <0,75, გარანტიას არ ვიძლევით. შეგიძლიათ ჩაიტაროთ ინსემინაციის ციკლი გარანტიების გარეშე. რა თქმა უნდა აღნიშნული პირობები აბსოლუტურ უნაყოფობას არ ნიშნავს. გვქონდა შემთხვევები 43 წლის ასაკში ორსულობის და ანტი-მიულერი 0,41 -ზეც, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია, ამიტომ რაიმე გარანტია ჩვენი მხრიდან გამორიცხულია. გარანტიის ვერმოცემა არ ნიშნავს იმას რომ მაქსიმუმს არ გავაკეთებთ თქვენთვის - უფრო პირიქით, 40 წელს ზემოთ ორსულობის მიღწევა განსაკუთრებით გვეამაყება, მაგრამ მსოფლიოში ვერცერთი კლინიკა ვერ იძლევა გარანტიებს ანალოგიურ შემთხვევებში ინ-ვიტროს გაკეთების შემთხვევაშიც კი.

ჩვენ ვცადეთ, რომ შემოთავაზება მაქსიმალურად მისაღები გაგვეხადა პაციენტისათვის

 ორსულობის დადგომის შემთხვევაში:

1.      თქვენი გადასახდელი თანხა დაახლ. 2,5-3-ჯერ ნაკლებია ინ - ვიტროს ღირებულებაზე საქართველოში,  

2.      ინვიტროსაგან განსხვავებით ინსემინაცია არაინვაზიური პროცედურაა და ბუნებრივი ორსულობისაგან განსხვავებული ჯანმრთელობისათვის საშიში გართულებები არ ახასიათებს.

3.      ინ ვიტროს შემთხვევაში წარმატების გარანტიას არავინ გაძლევთ. დაახლ 10 000 ლარი გადასახდელი გაქვთ მიუხედავად იმისა, ორსულობა დადგება თუ არა.

წარუმატებლობის შემთხვევაში:

1.       თქვენი გადასახდელი თანხა მინიმალურია , პრაქტიკულად თქვენ იხდით მხოლოდ თქვენზე დახარჯული მასალების ღირებულებას;

2.      ცალსახად გასაგებია რომ ინსემინაციაზე დროის კარგვა არ ღირს და ინ ვიტროსათვის უნდა მოემზადოთ.  

ინფორმაციისათვის: წარუმატებლობის შემთხვევაში დაწესებულების მოგება ნულია.

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili