ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა არის მშობიარობის ალტერნატივადა საკმაოდ ფართოდ არის გამოყენებული. აშშ–ში საკეისრო კვეთა მშობიარობათა საერთო რიცხვის 27%–ს შეადგენს. ეს არის ქირურგიუკი ოპერაცია, როდესაც ქირურგი კვეთს ორსულის  საშვილოსნოს წინა კედელს და გაკეთებული კვეთიდან ამოჰყავ ბავშვი. თანამედროვე პირობებში საკეისრო კვეთა აპენდიციტის ოპერაციაზე უფრო სარისკო ნამდვილად არ არის.

ფსიქოლოგიურად ქალების უმეტესობას საკეისრო სულაც არ იზიდავს, ზოგს კი ისეთი ფსიქოლოგიური შიში აქვს მშობიარობის, საკეისროს ითხოვს. ამავე დროს საკეისროს დანიშვნა ორსულის მოთხოვნით ნამდვილად არ არის სწორი. ამ ოპერაციას აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ საკეისრო კვეთა უნდა შესრულდეს მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი მშობიარობა ნაყოფისა და დედისათვის დიდ რისკთან არის დაკავშირებული. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

 

ვიწრო მენჯიასე ეძახიან მენჯის ანატომიურ თავისებურებას, რაც ართულებს ნაყოფის თავის გამოსვლას მენჯის ძვლებისაგან შექმნილ რგოლში

ნაწიბური (ან ნაწიბურები) საშვილოსნოზე, დარჩენილი წინა ქირურგიული ჩარევების შემდეგ. ამ დროს არის საშვილოსნოს გასკდომის საშიშროება, რადგან ნაწიბურის ადგილას ქსოვილის მექანიკური სიმტკიცე ნაკლებია.

ნაყოფის არასწორი მდებარეობა საშვილოსნოში. მაგ. გარდიგარდმო მდებარეობა, ან დიდი ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა.

პლაცენტის წინმდებარეობა, როდესაც საშვილოსნოს ყელი დაფარულია პლაცენტით მთლიანად ან ნაწილობრივ.

გენიტალური ჰერპესის გამწვავება მშობიარობის წინ. ამ დროს არის ნაყოფის ინფიცირების საშიშროება.

დედის და ნაყოფის დაავადებები, რომლებიც ითხოვენ ნაყოფისა და დედისათვის დამზოგ მშობიარობის პროცესს. ზოგჯერ ჩვეულებრივი მშობიარობა შეიძლება ძალიან დიდი სტრესი და ტრავმული აღმოჩნდეს. მაგალითად თირკმლის არტერიის სტენოზი ორსულებში, ნაყოფის ჰიდროცეფალია ან თუ ნაყოფის შემდგომი ყოფნა საშვილოსნოში სახიფათოამაგალითად შაქრიანი დიაბეტისას ან რეზუსკონფლიქტის დროს.

ყველა შემთხვევაში ექიმები ჯერ ცდილობენ პრობლემა გადაჭრან კონსერვატიული საშუალებებით და ოპერაციულ ჩარევას მიმართავენ როცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება.

გარდა ზემოჩამოთვლილისა, გვხვდება მწვავე სიტუაციები, როდესაც ქირურგიული ჩარევა აუცილებელია:

  •  ნაყოფის სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა, რომელმაც მოულოდნელად იჩინა თავი: პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ჭიპლარის გამოვარდნა ან კომპრესია, ეკლამპსია. თუ ამ დროს საშვილოსნოს ყელი მომწიფებული არ არის, ერთადერთი გამოსავალი საკეისრო კვეთაა.

  •  კარგად დაწყებული სამშობიარო მოქმედების პროცესში შეიძლება მოხდეს არასასურველი მოვლენები, რომელთა გადალახვა მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი. მაგალითად, სამშობიარო მოქმედების "დამუხრუჭება", როდესაც იგი "სრული სვლით" უნდა მიდიოდეს.

  •  ზოგჯერ საკეისროს აკეთებენ, თუ სამშობიარო მოქმედება 42 კვირაზეც არ დაიწყ.. პლაცენტის "დაბერება" და ნაყოფის ზომებში მკვეთრი მატება ითხოვს ნაყოფის სასწრაფო ამოყვანას.

 ხშირად ამ სიტუაციებში ექიმები ცდილობენ კონსერვატიულად მოაგვარონ პრობლემა – იყენებენ ჰორმონებს და მშობიარობის სტიმულაციის მექანიკურ მეთოდებს, სამშობიარო მაშებს და ა.შ. საკეისრო კვეთას იყენებენ, როცა სხვა გამოსავალი არ არის.

ყოველივე ზემოთქმულიდან ცხადია, რომ ქირურგიული ჩარევის საჭიროებისაგან არავინ არის დაზღვეული. მაშ უნდა გვეშინოდეს თუ არა ოპერაციის? პასუხი ცალსახაა – არა!

  • ჯერ ერთი თანამედროვე ქირურგიული ტექნიკის პირობებში ოპერაცია პრაქტიკულად უსაფრთხოა და სერიოზულ გართულებათა ალბათობა მინიმალური

  • მეორეც, ოპერაცია უმტკივნეულოა, ტარდება ნარკოზით. სამშობიარო ბლოკში ანესთეზიოლოგი ყოველთვის არის.

  • მესამეც სასწორზეა თქვენი ან თქვენი შვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

ამიტომ საკეისრო კვეთის აუცილებლობას უნდა მოვეპყროთ მშვიდად და სერიოზულად, ზედმეტი ემოციების გარეშე.

რამდენიმე უარყოფითი მომენტი, რომელიც ოპერაციას ახლავს:

ბევრი ქალისათვის საკეისროს მთავარი მინუსი არის ის რომ ოპერაცია "იპარავს" დედობის სიხარულს, საშუალებას თვითონ დაბადოს ბავშვი. მაგრამ ვინც ასე თვლის, ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ საკეისრო კვეთა სწორედ რომ დედის მიერ ბავშვისათვის გაღებული მსხვერპლია,

შესაძლებელია უსიამოვნო შეგრძნებები ნარკოზიდან გამოსვლისას (არა ყოველთვის).  ეს შეიძლება იყოს თავბრუსხვევა და გულისრევა, თავის ტკივილი. გარდა ამისა, ნაოპერაციები მტკივნეული შეგრძნებების წყაროა. ამ დროს ტკივილგამაყუჩებლები ინიშნება ბავშვზე გავლენის გათვალისწინებით (თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება).

მცირე დისკომფორტს ქმნის პირველ ხანებში წოლითი რეჟიმი, კათეტერით შარდვა (ცოტა ხნით), ცოტა მეტი წამლებისა და ანალიზების დანიშვნა, კუჭში შეკრულობა, აგრეთვე სრულფასოვანი აბაზანის ან შხაპის მიღების აკრძალვა (ნაკერების მოხსნამდე)

შემდგომ პერიოდში გარკვეული დროით შეიძლება დარჩეს სუსტი ტკივილები ნაოპერაციებ ადგილას, დაჩირქების ალბათობა ძალიან მცირეა. პირველ ხანებში მშობიარეს აუცილებელი განთავისუფლება სიმძიმეების აწევისაგან სულაც არ არის მინუსი, მაგრამ 1–1,5 თვის განმავლობაში აქტიური სექსის აკრძალვა ნამდვილად დიდი მინუსია. დარჩენილი ნაწიბური შეიძლება განმეორებითი მშობიარობისას ისევ საკეისროს საფუძველი გახდეს (თუმცა არა ყოველთვის). გარეთა ნაწიბური კოსმეტიკურად უსიამოვნო შეიძლება გამოდგეს, მაგრამ ახლა ექიმები ე.წ. "კოსმეტიკურ" ნაკერს ადებენ და მისი სწორი მოვლის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

რაც შეეხება ბავშვს, აქაც უნდა ითქვას, რომ საკეისრო სულაც არ არის ამქვეყნად მოსვლის იდეალური საშუალება, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბუნებრივად სულ სხვა გზა გამონახა უფალმა. საკეისროთი დაბადებულ ბავშვებს უფრო უჭირთ ადაპტაცია, ვიდრე ბუნებრივად დაბადებულებს, მაგრამ თანამედროვე მედიცინას მინიმუმადე დაჰყავს ადაპტაციის პრობლემები და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვეულებრივად ან საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა მშობიარობა, ან ძლიერ ტრავმული.

ახლა როდესაც თქვენ უკვე იცით საკეისრო კვეთის პლუსები და მინუსები, თქვენი შეფასება საკეისრო კვეთის ობიექტურს მიუახლოვდება. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანიც. იმედია, რომ ეს გამოგვივიდა.

 

 

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili