უარი პრეზერვატივზე
(ვაგინალური ექოსკოპიისას)
ჩვენ უარს ვამბობთ
პრეზერვატივზე ულტრაბგერითი კვლევისას, კოლეგებო მოგვბაძეთ!
ულტრაბგერითი
სკანერის ვაგინალური გადამწოდი არის უაღრესად ძვირადღირებული
მოწყობილობა, რომლის დეზინფიცირება და სტერილიზაცია ცალკე
პრობლემას წარმოადგენს. თერმული სტერილიზაცია და დასხივება სრულიად
გამორიცხულია, ხოლო ქიმიური სტერილიზაცია ყველა საშუალებით არ
შეიძლება და გამოკვლევათაშორის შეუძლებელიც არის.
ამიტომ ვაგინალური
ექოსკოპიისას უნდა გამოყენებული იქნეს სპეციალური ერთჯერადი
საფარი, რომელიც იცავს ვაგინალურ გადამწოდს ინფიცირებისაგან და
შესაბამისად პაციენტებსაც, რადგან ყოველ ახალ პაციენტზე ახალი
საფარი უნდა იქნეს გამოყენებული.
თბილისელმა
ექოსკოპისტებმა მონახეს იაფი გამოსავალი – საფარად იყენებენ
იაფფასიან პრეზერვატივებს, რაც ჩვენი აზრით სულაც არ არის ის
შემთხვევა, როცა ეკონომია უნდა გაკეთდეს.
ცოდვა გამხელილი
სჯობს – ჯერ კიდევ შარშან ჩვენც ვიყენებდით პრეზერვატივებს, რადგან
სხვა საშუალება ფიზიკურად არ იყო, მაგრამ ჩვენ ვაიძულეთ
იმპორტიორი, რომელიც ჩვენ გვამარაგებს, ნორმალურ ფასად დაეწყო
ვაგინალური გადამწოდის ერთჯერადი სტერილური საფარების შემოტანა და
დღეს უკვე პრობლემა აღარ გვაქვს.
ასეთი საფარის
უპირატესობა რამდენიმეა:
-
უკეთ ატარებს
ულტრაბგერით სხივს;
-
სტერილურია და არ
შეიცავს სპერმიციდს. ყველა პრეზერვატივი დაფარულია სპერმიციდით –
ნივთიერებით, რომელიც ანადგურებს სპერმატოზოიდებს. თუ
გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ვაგინალური გამოკვლევა უმეტეს
შემთხვევაში უტარდებათ დასაორსულებელ ქალებს, ძნელი მისახვედრი
არ უნდა იყოს, რომ მათ საშოში სპერმიციდს არაფერი ესაქმება.
გარდა ამისა, სპერმიციდი ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს საშოს
ნორმალურ მიკროფლორაზე და არც თუ ისე იშვიათად თავად
პრეზერვატივის მასალა (ლატექსი) იწვევს ალერგიებს.
-
მექანიკურად უფრო
მტკიცეა ვიდრე პრეზერვატივი და არ იხევა გამოკვლევის დროს.
-
სპეციალური
სტერილური საფარი არ მზადდება ლატექსისაგან, არ არის ემბრიო– და
ციტოტოქსიკური;
ასე რომ პატივცემულო
კოლეგებო, მოგიწოდებთ გადახვიდეთ ვაგინალური გადამწოდის სპეციალური
საფარის გამოყენებაზე.
პაციენტებო ვისაც
ამგვარი გამოკვლევა ხშირად გჭირდებათ (განსაკუთრებით ფოლიკულის
მონიტორინგი) იცოდეთ რომ პრეზერვატივის გამოყენება ამ შემთხვევაში
სულაც არ არის კარგი ზემომოყვანილი ოთხი მიზეზის გამო და მოსთხოვეთ
ექოსკოპისტებს იქონიონ სპეციალური სტერილური საფარი. მისი ფასი არც
ისე დიდია, რომ ულტრაბგერითი გამოკვლევის ფასზე გავლენა
მოახდინოს.
|